საქართველომ ირლანდიას ისევ ვერ მოუგო | 0-0 დინამო არენაზე (ფოტოამბავი)
საქართველომ ირლანდიას ისევ ვერ მოუგო | 0-0 დინამო არენაზე (ფოტოამბავი)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დასრულდა მატჩი საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და დებიუტშივე გუნდებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს. ჯერ ვაკო ყაზაიშვილმა ვერ გაისწორა მიზანი ხელსაყრელი პოზიციიდან და ბურთი კარს აცდა, შემდეგ კი ირლანდიელების მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას კარგი თავური მოჰყვა და ბურთი საქართველოს ნაკრების კარის ძელს მოვხდა.

ამის შემდეგ, შესვენებამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყეს, თუმცა დასკვნით ფაზაში სიზუსტე ღალატობდათ.

საბოლოოდ, გუნდები შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავიდნენ.

მეორე ტაიმი ირლანდიელებმა უფრო ხისტად დაიწყეს და რამდენიმე წუთით ჩვენს კარებს გაუშინაურდნენ, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ეს იერიშები მოიგერიეს და რამდენჯერმე თავადაც საკმაოდ სახიფათოდ შეუტიეს მეტოქეს.

საბოლოოდ, მიუხედავად საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩისა, ანგარიში არ გახსნილა და საქართველომ ირლანდიასთან ისევ ვერ მოიგო.

ამრიგად, ჩვენმა ნაკრებმა D ჯგუფში ექვსი მატჩიდან ხუთი  ქულა დააგროვა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ამ შესარჩევი ციკლიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს მომავალი წლის მარტში ევრო-2020-ზე მოხვედრის დამატებითი შანსი უეფას ერთა ლიგის პლეიოფიდან მიეცემა.