საქართველომ ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპი მოიგო და პლეი ოფში ფინეთს შეხვდება

08:54, 07.02.2020

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ფედერაციის თასის ევროპა-აფრიკის მეორე ზონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქე იყო ტუნისი, რომლის რიგებში თამაშობს მსოფლიოს 45-ე ჩოგანი, ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალისტი ონს ჟაბორი. მან ჩვენი გუნდის პირველი ნომერი მარიამ ბოლქვაძე 6:2, 6:2 დაამარცხა. მანამდე ეკატერინე გორგოძემ ჩირაზ ბეჩრი დაამარცხა იოლად – 6:1, 6:3.

ასე რომ, ყველაფერი უნდა გაერკვია წყვილების მატჩს, რომელშიც ოქსანა კალაშნიკოვასა და გორგოძეს დუეტმა 57 წუთში მოუგო ჟაბორისა და ბეჩრის წყვილს. მატჩის საერთო ანგარიშია – 2:1 საქართველოს სასარგებლოდ.

ჩვენმა გუნდმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პარასკევს, ევროპა-აფრიკის პირველ ზონაში გადასასვლელად მასპინძელ ფინეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი