საქართველომ ესტონეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა [ვიდეო]

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში მეცხრე ტურის შეხვედრები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ტალინში, მასპინძელი ესტონეთი 7 ქულის სხვაობით 80:73 დაამარცხა და მომავალ წელს, ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

ტალინის „საკუ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში, გამარჯვებაზე განაცხადი, ზუროსის გუნდმა პირველივე ტაიმში გააკეთა, რომელიც 9 ქულით 41:32 მოიგო.

საქართველოს ნაკრების დომინირება მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც არასრულ 31 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და ერთი დაფარება მიითვალა.

ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი გოგა ბითაძემაც. მის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა იყო. კარგი მატჩი გამოუვიდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ თად მაკფადენსაც, რომელმაც 35 წუთში 19 ქულა მოაგროვა, განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი შორეული ტყორცნებია, მაკფადენმა 7-იდან 5 სამქულიანი ჩააგდო. მასპინძელთა შემადგენლობაში კი 14 ქულით იანარი იოსარი გამოირჩა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ოთხი მოგება და ხუთი მარცხი დაუგროვდა და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მომავალ წელს ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

ამავე ჯგუფში, დღეს ისრაელმა სერბეთს უმასპინძლა და მოულოდნელად 83:74 დაამარცხა. საბერძნეთისა და გერმანიის მატჩი კი ბერძნებმა 92:84 მოიგეს.