საქართველო იტალიასთან ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველო იტალიასთან ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი იტალიას დაუპირისპირდა და 84:85 დამარცხდა.

ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – მეორე ადგილზე მყოფ იტალიას თბილისში ჩამოსვლამდე საქართველოზე ერთით მეტი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჯგუფიდან საუკეთესო სამი გუნდი გადის.

აქამდე იტალიასთან ჩვენმა გუნდმა 10-ჯერ ითამაშა და გამარჯვების მოპოვება ერთხელაც ვერ მოახერხა. „სკუადრა აძურამ“ ამჯერადაც გამოავლინა მაღალი კლასი – პირველი ტაიმი ისე მოიგო, მხოლოდ 3 საჯარიმო და 5 ორქულიანი ჩააგდო. სამაგიეროდ, საწყის 20 წუთში იტალიელებმა 20 სამქულიანი სტყორცნეს და 10 გამოიყენეს.

საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა შეტევა თორნიკე შენგელიაზე წავიდა, თუმცა ეს კარგად მოეხსენებოდათ სტუმრებს და თორნიკე ბურთს მიიღებდა თუ არა უმალ სამი კალათბურთელი მეურვეობდა. ასეთ დროს კი დანარჩენი კალათბურთელები თავისუფლდებოდნენ და პირველ ტაიმში მაკფადენმა 10 ქულა ჩააგდო, შერმადინმა – 12, სანაძემ – 7, ცინცაძემ – 6.

პირველი ტაიმი იტალიის გამარჯვებით დასრულდა – 43:40.

მეორე ტაიმში უკვე ჩვეული სიმძლავრით ამოქმედდა თორნიკე შენგელია და მესამე პერიოდის დასრულებამდე 1:11 წუთით ადრე, მისი ორქულიანის შემდეგ, იტალიას პირველი წუთების შემდეგ, პირველად გავასწარით – 58:57.

მეტოქემ მეოთხე პერიოდის წინ უპირატესობა არ დაგვანება – ბალდასოს სამქულიანით „აძურა“ კვლავ წინ გავიდა (60:58). პერიოდი ასეც დასრულდა.

მეოთხე რაუნდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ანგარიში აიწონა-დაიწონას პრინციპით მერყეობდა. მიხეილ ბერიშვილის ორი სამქულიანის წყალობით, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, ჩვენი გუნდი 5 ქულით დაწინაურდა, თუმცა არ დააყოვნა იტალიელების სამქულიანებმა და მატჩის დასრულებას 1:18 წუთი უკლდა, როცა სტუმრები 4 ქულით წინ გავიდნენ – 80:76.

ქართველებმა ძალიან მოინდომეს, თამაშის შემოტრიალებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ – სირენამდე 7 წამით ადრე მიხეილ ბერიშვილის სამქულიანით სხვაობა მინიმუმემდე შემცირდა (84:85). ბოლო შეტევის უფლება საქართველოს ნაკრებს დარჩა, თუმცა ტყორცნა ვერ მოესწრო და იტალიამ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. ამ მოგებით ჩვენმა მეტოქემ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.

 

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 15 ქულა თორნიკე შენგელიამ ჩააგდო, 14-14 ქულა ჰქონდათ დუდა სანაძესა და გიორგი შერმადინს, 13 – თად მაკფადენს.

იტალიის ნაკრებში კი 15-15 ქულით გამოირჩნენ სპისუ და ტესიტორი. საინტერესოა, რომ „სკუადრა აძურამ“ საბოლოოდ 16 სამქულიანი გამოიყენა.

დარჩენილი მატჩები:

23 თებერვალი, 2023 წ

ისლანდია-ესპანეთი

ნიდერლანდები-საქართველო

იტალია-უკრაინა

26 თბერვალი, 2023

უკრაინა-ნიდერლანდები

საქართველო-ისლანდია

ესპანეთი-იტალია

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურს 3 საუკეთესო მოიპოვებს.