საქართველო - შვედეთის მატჩზე მაყურებელი დაუშვეს - ბათუმის სტადიონზე ტევადობის 33 პროცენტი დაესწრება #1TVSPORT
საქართველო - შვედეთის მატჩზე მაყურებელი დაუშვეს - ბათუმის სტადიონზე ტევადობის 33 პროცენტი დაესწრება #1TVSPORT

საქართველო – შვედეთის შეხვედრაზე გულშემატკივრები დაუშვეს – გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 8 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო – შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

ცნობილია პირობები მატჩზე დასწრების მსურველებისთვის – ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარია. ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა. სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან. სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი.

შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი | პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება. სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.