საქართველო-კოსოვოს მატჩი უგულშემატკივროდ ჩატარდება #1TVSPORT
საქართველო-კოსოვოს მატჩი უგულშემატკივროდ ჩატარდება #1TVSPORT

საქართველო-კოსოვოს შორის გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გულშემატკივარი არ დაესწრება – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

საბჭოს წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და კოსოვოს შორის გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს.

„ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება“, – წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 2 სექტემბერს 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.