საქართველო ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა | ევრო 2020 [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში „ჯვაროსნები“ ირლანდიას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით – 1:0 დათმეს.

მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე წამებიდან მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს.  შეხვედრის პირველი და ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ჰურიჰანმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

პირველი ნახევრის მეორე დამატებულ წუთზე ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ვაკო გვილიას მიეცა, თუმცა მისი დარტყმა რანდოლფმა მოიგერია.

მეორე ტაიმში ბურთს და სათამაშო უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა ქართველებს მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. ირლანდიელებმა კონტრშეტევაზე გატანა მოახერხეს, მაგრამ ჰენდრიკი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლი არ ჩაითვალა. „ჯვაროსნებს“ ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა ჯაბა კანკავას ძლიერი დარტყმა ძელმა აისხლიტა.

დარჩენილ დროში ირლანდიამ თავი კარგად დაიცვა, სამი ქულა მოიპოვა და D ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა.