საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს პირველად მასპინძლობს
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს პირველად მასპინძლობს

23 სექტემბერს, 11:00 საათზე თბილისში, რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართება.

ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 000-მდე ადამინი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 50-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი. ამასთან, 29 სექტემბერს დაგეგმილია ღამის სპორტული აქტივობები #BeActive At Night, ხოლო ღონისძიების პირველ (23 სექტემბერი) და ბოლო დღეს (30 სექტემბერი) დედაქალაქში გაიმართება გახსნისა და დახურვის ცერემონია.

სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი.

2018 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივას – ევროპის სპორტის კვირეულს პირველად უერთდება, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 26 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება რომელშიც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.