საქართველო 71-69 ისრაელი | მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი საკალათბურთო მატჩი საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ გუნდებს შორის.

მატჩი საკმაოდ დაბალი შედეგიანობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მხოლოდ 9-11 დასრულდა, ისრაელის სასარგებლოდ. მეორე მეოთხედის შუაწელიდან ჩვენმა კალათბურთელებმა სიტუაცია საგრძნობლად გამოასწორეს და რამდენიმე შეედგიანი სამქულიანით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ტაიმის ბოლოსთვის ანგარიშის შემცირება შეძლეს და შესვენებაზე გუნდები ოთხქულიანი სხვაობით გავიდნენ – 34-30 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო, თუმცა სტუმრებმა მაინც შეძლეს ანგარიშის კიდევ უფრო შემცირება და გადამწყვეტი მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები უკვე მხოლოდ ერთი ქულით იგებდა – 50-49.

ბოლო მეოთხედი ძალიან დაძაბული გამოდგა და, როდესაც მატჩის დასრულებამდე ექვს წუთზე ნაკლები რჩებოდა, სტუმრები ოთხი ქულით იგებდნენ – 52-56. თუმცა, ამას ქართველებმა ორი სამქულიანით უპასუხეს (ბითაძე, მაკფადენი) და ორი ქულით დაწინაურდნენ – 58-56.

მატჩის ბოლო წუთებმა უდაძაბულეს ბრძოლაში ჩაიარა და მეორე ტაიმის დასრულებამდე 22 წამით ადრე ისრაელმა ანგარიში გაათანაბრა – 64-64.

მეორე ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ქართველებს უფრო გაუმართლათ და 71-69 მოიგეს.

ამრიგად საქართველომ 15 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.