საქალაქო სასამართლო მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს
საქალაქო სასამართლო მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციულ საჩივარზე სასამართლო გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს.

სასამართლო განხილვები მაჩალიკაშვილების ოჯახის ადმინისტრაციულ საჩივარზე დღეს მხარეების სიტყვით გამოსვლით გაგრძელდა. მაჩალიკაშვილების ოჯახი, ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებაა.

სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა მათ სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა. მარგოშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღემდე არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო ის ბრალდებები, რომელიც ამ უწყებიდან მაჩალიკაშვილის მიმართ ისმოდა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. მათი პოზიციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარემ ასევე წარადგინა კონკრეტული ფრაზები სუს-ის ბრიფინგებიდან.

მოპასუხე მხარე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასარჩელო არცერთ მოთხოვნას არ იზიარებს. უწყების იურისტების განცხადებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია სუს-ში გამართული არცერთი ბრიფინგის დროს არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, არ ეთანხმებიან მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნასაც ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს დღევანდელ პროცესს ზაზა სარალიძეც ესწრებოდა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელზე მოსამართლე ნათია ტოგონიძე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს 5 თებერვალს, 9:55 საათზე, გამოაცხადებს.