საპროკურორო საბჭო ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
საპროკურორო საბჭო ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხვალ საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება.

როგორც პირველ არხს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფარული კენჭისყრით და სხდომაზე დამსწრეების ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს ორი წლის ვადით აირჩევენ.

„მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავჯდომარის პოზიცია ახალი თავჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეირჩეს. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე, საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

15-წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.