საპასუხო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას გერმანიაში გაუმართლებლად მიიჩნევენ
საპასუხო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას გერმანიაში გაუმართლებლად მიიჩნევენ

მოსკოვის განცხადებას, საპასუხო სანქციების დაწესების თაობაზე, ოფიციალური ბერლინი გაუმართლებლად მიიჩნევს. სანქციები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირდება.

ამის შესახებ გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„რუსეთს ყველაფერი აქვს, რაც ამ დანაშაულის გამოსაძიებლად საჭიროა. ამის ნაცვლად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრობს. ასეთი ნაბიჯი, ფედერალური მთავრობის თვალსაზრისით, გაუმართლებელი და არაპროპორციულია“, – განაცხადა ზაიბერტმა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის განცხადება მოულოდნელობა არ ყოფილა გერმანიის მხარისთვის და ეს საკითხი გერმანია-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობის დონეზე გადაინაცვლებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გერმანიისა და საფრანგეთის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ საპასუხო სანქციების დაწესებას გეგმავს.