საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე იმსჯელებენ
საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში დღეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა იწყება.

ცვლილებებს დღეს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვის და უშიშროების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტებში განიხილავენ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ცვლილებები შეეხება როგორც ხარჯებს, ისე შემოსავლებს. 2018 წლის ბიუჯეტში 7,8 მლნ ლარით იზრდება ასიგნებები. ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ცვლილებების თანახმად, მაკროეკონომიკური პარამეტრების ჭრილში ზრდა, დაგეგმილი 4,5 პროცენტის ნაცვლად, ხუთი პროცენტი იქნება.

„სხვადასხვა სამინისტროში იზრდება შემოსავლები, მაგრამ ამავე დროს უმცირდებათ გარკვეული მიმართულებებით ხარჯები, ასიგნებები. 269 მილიონით უმცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები, მაგრამ იზრდება სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მიმდინარე წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე საპარლამენტო კომიტეტები მსჯელობას დღეს დაასრულებენ, ხვალ კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემაჯამებელი სხდომა გაიმართება და დოკუმენტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობა, თავის მხრივ, ვალდებულია, დოკუმენტი პარლამენტს სასესიო განხილვებისთვის ამავე კვირის ბოლომდე დაუბრუნოს.