სანქციების მიუხედავად, აშშ რვა ქვეყანას ირანისგან ნავთობის შესყიდვის უფლებას მისცემს
სანქციების მიუხედავად, აშშ რვა ქვეყანას ირანისგან ნავთობის შესყიდვის უფლებას მისცემს

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების მიუხედავად რვა ქვეყანას ირანისგან ნავთობის შესყიდვის უფლებას მისცემს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ ირანისგან ნავთობის შესყიდვას ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები გააგრძელებენ. მათ შორის არიან სამხრეთ კორეა, იაპონია და ინდოეთი.

ირანის ნავთობის ყველაზე მასშტაბური მომხმარებლები აზიის სახელმწიფოები არიან. მათ შორის არის ჩინეთიც, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც პეკინში აცხადებენ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჩინელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ პეკინის მიერ ირანისგან გარკვეული რაოდენობის ნავთობის შესყიდვას ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდება.

ამავდროულად, Bloomberg-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გამონაკლისი მხოლოდ დროებითი იქნება.

ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში ხუთი ნოემბრიდან შედის.