„სანის“ ინტერვიუ შოთა არველაძესთან - საქართველოში მრავალი კონფლიქტი იყო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ახლა უკრაინაშიც იგივე ხდება #1TVSPORT
„სანის“ ინტერვიუ შოთა არველაძესთან - საქართველოში მრავალი კონფლიქტი იყო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ახლა უკრაინაშიც იგივე ხდება #1TVSPORT

შოთა არველაძეს პოპულარულმა ინგლისურმა გამოცემა სანმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „ჰალ სიტის“ ქართველმა მწვრთნელმა საკუთარ ოჯახზე, საქართველოს ისტორიაზე, უძველეს ტრადიციებსა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.

მე ვიზიარებ უკრაინის ტკივილს“, – შოთა არველაძე იხსენებს 2008 წელს, როდესაც პუტინის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში.

„რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი რომ გადაკვეთეს, „ჰალის“ მწვრთნელს, შოთა არველაძეს მტკივნეული ამბები გაახსენდა – პუტინის ჯარები მის სამშობლოს, საქართველოს, 2008 წელს თავს დაესხნენ და დღემდე მისი ქვეყნის ნაწილი აქვთ ოკუპირებული. პუტინმა ახლა სამხედროები ტყუილი მოტივით გააგზავნა, რომ ისინი ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, ლუგანსკისა და დონეცკის დასახმარებლად შევიდნენ. ეს საოცრად ჰგავდა საქართველოში შეჭრას. მაშინაც რუსი დესპოტი აცხადებდა, რომ ეხმარებოდა კიდევ ორ თვითგამოცხადებულ, მაგრამ არაღიარებულ რესპუბლიკას. არსებობს შიში, რომ პუტინის გრძელვადიანი მიზანი საბჭოთა იმპერიის აღდგენაა, მაგრამ არველაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ დღეებში დაბრუნებას, როცა მოსკოვს კომუნისტები მართავდნენ. არველაძე გაიზარდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, როდესაც ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მშობლებთან ერთად, რომლებიც ექიმები არიან“, – წერს „სანი“.

„საქართველოში მრავალი კონფლიქტი იყო მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ახლა უკრაინაშიც იგივე ხდება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავ იბრძვიან და ამას ვერავინ ვერაფერს უხერხებს. ძალიან მტკივნეული და რთულია ამ ყველაფრის ხილვა. რატომ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რაც არ იყო კარგი? ჩემთვის ეს დელიკატური თემაა, რადგან ვამაყობ ჩემი ხალხით, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დამოუკიდებლობამ საკუთარი იდენტობა დაგვიბრუნა. ჩვენ ძალიან ბევრს ვკითხულობდით საქართველოს ისტორიაზე, პირველ-მეორე საუკუნეების და IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობის მიღების შესახებ. გვაქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე საუკუნის ეკლესიები. ასევე, ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა მსოფლიოში. მას თავისი ანბანი აქვს და სრულიად უნიკალურია. ჩვენ, პატარა ქვეყანას, გვყავდა ბევრი ცნობილი არტისტი, მუსიკოსი და ოლიმპიური ჩემპიონი. ასევე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც 8000 წლის წინ აწარმოებდა ღვინოს. ჩვენ გვაქვს ღვინის 55 სახეობა, ფრანგებს კი მხოლოდ – ცხრა! ჩვენ შესანიშნავ ყველს და პურს ვამზადებთ“, – ამბობს არველაძე.

ინტერვიუს ბოლოს ავტორი არველაძის გზავნილს წერს.

„კი არ ვიომოთ, მოდით, ვითამაშოთ ფეხბურთი და იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ტანჯვა მივაყენოთ, სიხარული მივანიჭოთ. სამყარო ასე ბევრად უკეთესი იქნება“.