სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ქართულის სწავლა ვცადე, მაგრამ ფეხბურთელებმა მითხრეს, შეეშვიო #1TVSPORT
სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ქართულის სწავლა ვცადე, მაგრამ ფეხბურთელებმა მითხრეს, შეეშვიო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გამოცემა Sofoot-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

„2021 წლის თებერვალში, როდესაც მივიღე შემოთავაზება საქართველოდან, ბევრი არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნისა და მისი ფეხბურთის შესახებ, თუმცა თბილისში 2006 წელს ვიყავი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად (3:0 მოიგეს ევრო 2008 წლის შესარჩევში). ლევან კობიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი ბუნდესლიგაში, როცა „ბაიერნში“ ვთამაშობდი, დამიკავშირდა და ძალიან სწრაფად დავთანხმდი.

პროექტი მომეწონა, რადგან შემომთავაზეს გუნდის შენება, ხოლო კლუბებში არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შესაძლებელია. ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე ბევრი არ მიფიქრია. კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ორი ​​წლით გამიხანგრძლივეს, დამატებითი ორწლიანი ოპციით.

მეც გადავწყვიტე, წელიწადში რამდენიმე თვე თბილისში მეცხოვრა, რადგან ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანია ვიცნობდე ქვეყანას, მის კულტურას, ტრადიციებს, მოსახლეობას და კარგად ვიცნობდე ფეხბურთელებს. ისე, ქართულის სწავლასაც კი ვცდილობდი, მაგრამ ჩემმა მოთამაშეებმა მითხრეს, თავი დაანებეო! ანბანი, რომელითაც მხოლოდ საქართველოში წერენ, ძალიან რთულია.

საქართველოში ვატარებ წელიწადში დაახლოებით შვიდ თვეს. აქაურ ფედერაციას არ აქვს ბევრი ფული და ამიტომ ზრუნავს, რომ ყოველი ევრო სწორად გამოიყენოს. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან მდიდარი კულტურით. ის იყო ოკუპირებული ოსმალების და რუსების მიერ, იყო საბჭოთა პერიოდი. ხალხი მეგობრული და თბილია, საკვები კი ძალიან გემრიელი აქვთ. როცა მატჩებზე რეგიონებში დავდივარ, ამ პატარა ქვეყნის სილამაზეს ვაცნობიერებ. თბილისი კი ძალიან ლამაზი ქალაქია, ძალიან სასიამოვნო და დინამიური. საქართველო არის ძალიან უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მსოფლიოში. აქ შეგიძლიათ, მანქანის კარზე გასაღები დატოვოთ“, – ამბობს სანიოლი.