სანიოლის აზრით, ნიდერლანდებში კაშია თავისუფლად ითამაშებდა - ევროპული პასპორტის გარეშე, ჩემი დამატება ძალიან რთული იქნება #1TVSPORT
სანიოლის აზრით, ნიდერლანდებში კაშია თავისუფლად ითამაშებდა - ევროპული პასპორტის გარეშე, ჩემი დამატება ძალიან რთული იქნება #1TVSPORT

ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩის წინა პრესკონფერენციაზე არნემის „ვიტესას” ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ არ დამალა, რომ ერედივიზიაში თამაში კვლავ სურს.

„გულახდილად რომ ვთქვა, ნიდერლანდების ჩემპიონატში დაბრუნება მსურს, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ევროპული პასპორტის გარეშე, კლუბისთვის ჩემი დამატება ძალიან რთული იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ”, – განაცხადა გურამ კაშიამ.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან მოთამაშის ნიდერლანდების ჩემპიონატში მიწვევის შემთხვევაში, კლუბმა ბიუჯეტში გადასახადი უნდა დარიცხოს. მაგრამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, კაშია ერედივიზიის ბევრ გუნდს წაადგებოდა.

„უნდა ვთქვა, რომ კაშია ჯერ კიდევ ძალიან კარგ ფორმაშია. ჰოლანდიურმა კლუბებმა მას ყურადღება უნდა მიაქციონ. ხვალ ნახავთ, ის რამდენად კარგი მცველია. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში თამაშს აპირებს”, – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა.

კაშიამ მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, ნიდერლანდებში დაბრუნება მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ასეთ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, თამაში ძალიან მინდა. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ“.