სანიოლის ასისტენტი კაშიას გადაწყვეტილებას უწონებს - არჩევანში გამოცდილება დიდი როლს ითამაშებს #1TVSPORT
სანიოლის ასისტენტი კაშიას გადაწყვეტილებას უწონებს - არჩევანში გამოცდილება დიდი როლს ითამაშებს #1TVSPORT

„ვილი სანიოლი შეკრებაზე მოთამაშეთა მიწვევისას მათ დამსახურებებს გაითვალისწინებს თუ მხოლოდ ისეთებს გამოიძახებს, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ?“ – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანის ამ კითხვას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა უპასუხა.

საქმე ისაა, რომ სანაკრებო თამაშების მოახლოებამდე კანდიდატების პრობლემები აშკარაა – ბევრ გამოცდილ მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს – ვაკო ყაზაიშვილს, ნიკა კვეკვესკირს, ოთარ კაკაბაძეს, საბა კვირკველიას.

„ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ. „რეინჯერსში“ თამაშის დროს იყო პერიოდი, სკამზე დამსვეს და რეგულარულად ვერ ვთამაშობდი. მაგრამ საქართველოს ნაკრებში მაინც მიძახებდნენ. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, ვინ რა მდგომარეობაშია, რომელ პოზიციაზეა. დარწმუნებული ვარ, ჩემს პოზიციაზე რომ ყოფილიყო ფეხბურთელი, რომელიც კარგ დონეზე თამაშობდა, ნაკრების მიღმა დავრჩებოდი, მაგრამ ეროვნულ გუნდში ყველა დამსახურებულადაა გამოძახებული“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა:

„წაგების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ფეხბურთელთა ნაწილი კლუბში არ თამაშობდა ან 10-15 წუთი თამაშობდნენ. ასეთმა ფეხბურთელმა რაც არ უნდა მოინდომოს, სანაკრებო დონეზე ვერ ითამაშებს. ეს 12 ნოემბრის მატჩმაც გამოაჩინა. ახლაც, საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ადგილზე მყოფ „როტორშია“, მე-15 ადგილზეა ტულის „არსენალი“, სადაც გია გრიგალავაა. იქაც თუ არ თამაშობს, წარმოგიდგენია, რა კატასტროფის წინაშე ვართ?! ამიტომ სჯობს, საქართველოს ჩემპიონატიდან აიყვანო ფეხბურთელი, რომელიც სულ თამაშობს, სულ ძირითადშია, ვიდრე უთამაშებელი ლეგიონერი“.

ზურაბ ხიზანიშვილი:

„გვიჭირს იქ, სადაც ფეხბურთელებს ნაკლები პრაქტიკა აქვთ. ვინც თამაშობს, მას დავაყენებთ. ორი ფეხბურთელი რომ გვეყოლება, ახალგაზრდა გამოუცდელი და გამოცდილი ვეტერანი, რა თქმა უნდა, არჩევანში გამოცდილება დიდი როლს ითამაშებს. მაგალითად, ძალიან სასიამოვნოა, რომ გურამ კაშიამ გადაწყვიტა და „ლოკომოტივში“ წავიდა. ისიც გასახარი იყო, რომ არა ცენტრალურ, არამედ, მარჯვენა მცველად ითამაშა, სადაც იდეაში წინ და უკან უფრო მეტი სამუშაო მოუწევს. ეროვნულ გუნდში უგუნდოდ მყოფი ფეხბურთელი – ეს ლოგიკასთან შორსაა. პირველი კი პრაქტიკაა“.