სანიოლი სუპერთასის მატჩს დაესწრო - ნაკრების მწვრთნელს „ჯვაროსნების“ მაისური გადასცეს [ვიდეო]

ვილი სანიოლი თბილისშია. ფრანგი სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად 15 თებერვალს დაინიშნა, საქართველოს დედაქალაქში დღეს ჩამოვიდა.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს სიმბოლურად, საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა.

მოგვიანებით ფრანგი სპეციალისტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისისა“ და „გაგრას“ შორის გამართულ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მატჩს დაესწრო, რომელიც პენალტების სერიაში „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.

ვილი სანიოლიმ ამ ვიზიტით დაიწყო საქართველოს ნაკრების მატჩებისთვის მზადება და კანდიდატების შერჩევა. „ჯვაროსნებს“ ფრანგი მწვრთნელი პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში უხელმძღვანელებს – 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტოკჰოლმში შვედეთს ესტუმრება, 28 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს ათენში საბერძნეთს შეხვდება.