სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი - მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას უარყოფითი საიმიგრაციო ტენდენცია და შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი
სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი - მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას უარყოფითი საიმიგრაციო ტენდენცია და შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი

მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას უარყოფითი საიმიგრაციო ტენდენცია და შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი, – აცხადებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.

მისი თქმით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაერო-ს საიმიგრაციო სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ყოვლისმომცველი საიმიგრაციო მენეჯმენტის ტრადიციული პარტნიორია და მუშაობს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მიგრაციისა და საქართველოში მიგრაციის მენეჯმენტის სხვადსხვა საკითხებზე.

„ამ გადამწყვეტ დროს, როდესაც სახეზეა უარყოფითი საიმიგრაციო ტენდენცია, მკვეთრად არის გაზრდილი უკანონო მიგრაცია საქართველოდან, ჩვენ ასევე ნაწილი ვართ ალიანსის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას აღმოფხვრას ეს უარყოფითი ტენდენცია და შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი, რომელიც მთავრობის მიერ მიღწეული უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მხარს უჭერს ყოვლისმომცველ საიმიგრაციო მენეჯმენტს და გვჯერა, რომ საზღვრის კონტროლის გაძლიერებასა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობასთან ერთად, რაც მიგრაციის მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, არსებობს კიდევ რამდენიმე ელემენტი, რაც უნდა დაემატოს. მათ შორის, ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, თუ რა არის რეალურად უვიზო რეჟიმი. ეს არ გულისხმობს ევროპაში პირობების გარეშე შესვლას. არსებობს გარკვეული წესები, რასაც უნდა დაემორჩილონ“, – აცხადებს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.

მისივე თქმით, ასევე არის მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, არის ბევრი სარგებელიც და ხალხი კარგად უნდა იყოს ინფორმირებული.

„ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან რეგულარული მიგრაციის ალტერნატივების შექმნაზე. მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას სხვადასხვა ქვეყნებთან შრომით მიგრაციაზე ორმხრივი თანამშრომლობის დამყარებისთვის მოლაპარაკებებში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, ლეგალურად იმუშაონ დროებით ან ცირკულარული სქემით, რაც თავის მხრივ, იქნება ალტერნატივა უკანონო მიგრაციისთვის.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში არა მხოლოდ უკანონო მიგრაციის მკვეთრი ზრდა და თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ოდენობა ვიხილეთ, არამედ ეს ზრდა აისახა ასევე საქართველოში დაბრუნებულთა რიცხვზეც, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით, 2018-2019 წლებში ჩვენ დავეხმარეთ 5 000-ზე მეტ ადამიანს საქართველოში დაბრუნებაში. ვმუშაობთ მათთან სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. მომავალშიც ამ პრიორიტეტების ერთგული დავრჩებით“, – აცხადებს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.