სანემ „ბაიერნში“ გადასვლაზე უარი თქვა
სანემ „ბაიერნში“ გადასვლაზე უარი თქვა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ლეროი სანემ უარი თქვა „ბაიერნში“ გადასვლაზე, – წერს გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung).

წყაროს ცნობით, შემტევმა ნახევარმცველმა „სიტის“ რიგებში დარჩენა გადაწყვიტა და თავისი გეგმების შესახებ ორი კვირის წინ აცნობა გერმანიის ჩემპიონის ხელმძღვანელობას.

როგორც გერმანული პრესა წერდა, „ბაიერნი“ მზად იყო „მანჩესტერ სიტისთვის“ სანეს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაეხადა. ცნობისთვის, ინგლისური კლუბი გერმანელ ფეხბურთელში 100 მილიონს ითხოვდა.

ლეროი სანე „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წელს 37 მილიონ ფუნტად გადავიდა. ინგლისური კლუბის რიგებში მან 133 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 45 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი პეპ გვარდიოლას გუნდთან 2021 წლის ზაფხულში იწურება.