სანდრო რაქვიაშვილი - ორი დღეა, ოპოზიციონერ კოლეგებს ვეკითხები, რა უნდათ, რა პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და იმის ნაცვლად, რომ სერიოზული ლაპარაკი დაგვეწყო, გაგვებუტნენ
სანდრო რაქვიაშვილი - ორი დღეა, ოპოზიციონერ კოლეგებს ვეკითხები, რა უნდათ, რა პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და იმის ნაცვლად, რომ სერიოზული ლაპარაკი დაგვეწყო, გაგვებუტნენ

ორი დღეა, ოპოზიციონერ კოლეგებს ვეკითხები, რა უნდათ, რა პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და გაგვებუტნენ, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციაში სერიოზული ლაპარაკი დაგვეწყო, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაქვიაშვილის თქმით, პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, ერთმანეთის ლანძღვა გრძელდება.

„ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში დეპოლარიზაციის სურვილს საერთოდ ვერ ვხედავ. ორი დღეა, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს ვეკითხები, რა უნდათ და რა პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ გაგვებუტნენ, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციაში სერიოზული ლაპარაკი მართლა დაგვეწყო. ამაზეც უარი თქვეს. „ქართული ოცნება“ პროცესს დეპოლარიზაციით იწყებს, არადა, საწინააღმდეგო მიმართულებით – საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა დაიწყოს. ეს იქნებოდა ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც მთელ პროცესს სერიოზულობას შესძენდა. არ მგონია, რომ ამ მომენტში საერთოდ რაიმეს სურვილი აქვთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს, რათა ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს. ამას რატომ აკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ სულ რამდენიმე პოლიტიკოსი ვართ, რომლებსაც ევროინტეგრაცია რეალურად გვინდა და რაღაცების დათმობა შეგვიძლია. სულ არ მახალისებს ევროკავშირის უამრავი რეგულაცია, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ჩემი ხმა გადამწყვეტი იქნება, გენდერული კვოტის უაზრო წესს ხმას მივცემ. იგივე მზადყოფნას ვერ ვხედავ ვერც მმართველ გუნდში და ვერც ოპოზიციაში. უპირველესად  უნდა დავსხდეთ და მშვიდად, წყნარად ვისაუბროთ. ფორმალური ჯგუფები არ არის საჭირო, კომიტეტებში უნდა ვიმუშაოთ, საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. პოლარიზაცია მაშინ დასრულდება, თუ 11 რეფორმას ჩავატარებთ. თუ ამის შნო გვაქვს, ე.ი. პოლარიზაცია დასრულდება. ამის ნაცვლად, გრძელდება ერთმანეთის ლანძღვა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.