სანდრო რაქვიაშვილი - მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად მოგვეთხოვება სერიოზული რეფორმები, არავინ გვეუბნება, ხვალ შეხვალთ ნატო-შიო, მაგრამ არავინ გვეუბნება, არ შეხვალთო
სანდრო რაქვიაშვილი - მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად მოგვეთხოვება სერიოზული რეფორმები, არავინ გვეუბნება, ხვალ შეხვალთ ნატო-შიო, მაგრამ არავინ გვეუბნება, არ შეხვალთო

ამ წელიწადში იყო მინისტერიალები და იქ ესწრებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები, – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ესწრება საქართველო „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, რაც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკის თემად იქცა, იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის საელჩომ საქართველოში განმარტება გააკეთა.

„ხავიერ კოლომინა რომ ჩამოვიდა, იქ, მათ შორის, შეხვედრაზე მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ მოგვეთხოვება სერიოზული რეფორმები, რათა ნატო-ში გავწევრიანდეთ. არავინ არ გვეუბნება – ხვალ შეხვალ ნატო-ში, მაგრამ არავინ არ გვეუბნება – არ შეხვალ. უბრალოდ, მართლაც სერიოზულ, ფუნდამენტურ ცვლილებებზეა საუბარი და ასეთი პროცესი ასე მარტივად უკან ვერ დატრიალდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს მადრიდის სამიტზე, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, კარგი იქნება, იარაღი მივიღოთ.

„პირველ რიგში, ალბათ, კარგი იქნება, იარაღი მივიღოთ. ამაზე უკეთესი არაფერი არ შეიძლება, იყოს. გასაგებია, რომ ჩვენ შეიძლება, არ ვაპირებთ ომის დაწყებას და არ ვაპირებთ თავდასხმას, მაგრამ ჩვენივე გამოცდილება გვეუბნება რომ ყოველთვის უნდა იყო მზად, რომ აქეთ დაგვესხმებიან თავს. მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, როცა უკრაინაში ომი მიდის. ყველა ვხედავთ, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულიად არაადეკვატური და არაპროგნოზირებადია. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი, რაც ჩვენ შეიძლება, მივიღოთ, ეს არის იარაღი, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას გაზრდის და ამით უფრო მეტი დაცულობა გვექნება. სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ისევ უკრაინის მაგალითი გვაჩვენებს, რომ იარაღის მიწოდება სიტუაციაზე ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე მაგალითად, ეკონომიკური სანქციები. ბუნებრივია, ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინელებისთვის სანამ იარაღის მასობრივად მიწოდება არ დაიწყეს, მანამდე ფაქტობრივად, არ მოხდა გარდატეხა ამ საბრძოლო მოქმედებებში. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ მივიღოთ რაც შეიძლება, მეტი თანამედროვე იარაღი და მათ შორის, მომზადებული ჯარი, რომელიც ამ თანამედროვე იარაღს გამოიყენებდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა „გირჩის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, ხედავს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს, რაზეც სანდრო რაქვიაშვილმა უპასუხა, რომ გასაგებია, მთავრობა ვალდებულია, ნებისმიერ პატიმარს უმკურნალოს და ეს პრობლემა გამორიცხოს, მაგრამ ამ მოტივით მიხეილ სააკაშვილს ციხიდან არ გამოუშვებენ.

„ქვეყანაში ისეთი პატიმრები გვყავს, ჯანმრთელობის ისეთი რთული მდგომარეობით, რომ მოდით, მაშინ ზოგადად ამ პრობლემით დავკავდეთ და მართლა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. 10 000 პატიმარი გვყავს და ნახევარი მათგანი შეიძლება, გამოშვებული იყოს ციხიდან, თუ მართლა ჰუმანურად მივუდგებით ამ საკითხს. მაშინ მიხეილ სააკაშვილის თემაც შეიძლება, სხვანაირად იქნას განხილული, მაგრამ რადგან ეს არ ხდება და კონცენტრირება მარტო მიხეილ სააკაშვილზე ხდება, ბუნებრივია, ეს მარტო პოლიტიკურ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.