სანდრო რაქვიაშვილი - ძალიან არასერიოზული იყო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ გააკეთა და ვერ გავიგე, უკრაინაში წასულ დელეგაციაში მარგველაშვილი რას აკეთებდა
სანდრო რაქვიაშვილი - ძალიან არასერიოზული იყო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ გააკეთა და ვერ გავიგე, უკრაინაში წასულ დელეგაციაში მარგველაშვილი რას აკეთებდა

ძალიან არასერიოზული იყო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ გააკეთა, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ შეკითხვას, რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს და რა გზავნილია უკრაინული თუ ქართული საზოგადოებისთვის ის ფაქტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში ერთობლივ დელეგაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა და იქ უკვე ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა.

„ვერც კი მივხვდი, ეს ფარულად გააკეთეს და მერე ინფორმაცია გავრცელდა, თუ რა იყო; ან მარგველაშვილი რას აკეთებდა ამ დელეგაციაში, თუ რაც იყო, ვერ გავიგე. შინაარსი ვერ გავიგე, საბოლოო ჯამში. იმიტომ, რომ ეს ხომ არ არის გართობა და რაღაც ატრაქციონებზე მისვლა, ხომ? ეს არის სერიოზული ამბავი, უკრაინა ომშია და ჩვენი მიზანია, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს ყველაზე ახლო მოკავშირე ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პრობლემები ესმის, რადგან იგივე პრობლემები აქვს და ასეთი რამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა იყო რაღაცნაირად, უკრაინის გამოყენება ჩვენ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მან ეს ვიზიტი, როგორც თავად განაცხადა, სააკაშვილთან შეათანხმა, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, რა ურთიერთობა აქვს გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ ეჭვი აქვს, რომ მან უბრალოდ, თავად ვერ დააორგანიზა ვიზიტი, „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვა დახმარება და რადგან ნიკა მელია მიდიოდა, გაჰყვა.

„მე მგონი, უფრო მარტივად არის ეს ამბავი და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, მარტო ვერ წავედიო, თქვა – აგერ, მიხეილ სააკაშვილის ნებართვით წავედიო. ნუ, ყველა თავის არჩევანს აკეთებს, როგორ ახსნას ვიზიტი, მაგრამ საბოლოო ჯამში, იდეა იყო ცოტა გაუგებარი. იმიტომ, რომ ეს წარმოდგენილი იყო, როგორც პოლიტიკური ვიზიტი, თორემ პირადი ვიზიტი რომ ყოფილიყო, მაგალითად, ვიღაც ნაცნობთან შესახვედრად ან უბრალოდ, თუნდაც მხარდაჭერის გამოსახატად ჩვენი რომელიმე უბრალო მოქალაქის მიმართ, რომელიც უკრაინაშია და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, იბრძვის ან მათ ეხმარება, ეს ნორმალური იქნებოდა; მაგრამ რადგან ამას თვითონ მისცეს პოლიტიკური დატვირთვა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულად გამოჩნდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია მისთვის ბრალდება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციების მოწყობას უკავშირდება, რის შესახებაც, როგორც გაირკვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია უკრაინულ მხარესაც მიაწოდა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო ზედმეტი, რაც ასევე არასერიოზულად გამოჩნდა.

„თქვენ ხედავდით კადრებს, რომ ჩვენს დელეგაციას მათ შორის, უკრაინელი ჯარისკაცები იცავდნენ და როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე პოლიტიკოსი თავს დაესხმებოდა უკრაინელ ჯარისკაცებს? გარდა იმისა, რომ თვითონ იდეაც ცოტა უცნაურად გამოიყურება, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელია, ყველანაირად“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.