სანდრო რაქვიაშვილი - არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება სწორი ნაბიჯია, ეს სისტემა თუ დაინერგება, არჩევნებზე პრეტენზია აღარ იქნება
სანდრო რაქვიაშვილი - არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება სწორი ნაბიჯია, ეს სისტემა თუ დაინერგება, არჩევნებზე პრეტენზია აღარ იქნება

„გირჩის“ წარმომადგენელი, ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

დეპუტატის თქმით, ასეთი სისტემა არჩევნების მიმართ სანდოობას გაზრდის და აღარ იქნება საუბარი, არის თუ არა არჩევნები ლეგიტიმური.

„ეს ის საკითხია, სადაც ასე თუ ისე კომპრომისი არსებობს და ყველა ვთანხმდებით, რომ ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მით უმეტეს, ეს სისტემა თბილისის რამდენიმე უბანში დატესტილი იყო; ასევე, ბათუმის არჩევნებში და ნათლად დავინახეთ, რომ ბევრად უფრო მარტივდება პროცესი და თან სანდო ხდება. ერთი მხრივ, ლოდინი არ გვიწევს და ძალიან იშვიათია ცდომილებაც.

ასეთი სისტემა არჩევნების მიმართ სანდოობას გაზრდის და საუბარი იმაზე აღარ იქნება, არჩევნები ლეგიტიმურია თუ არა. ელექტრონული სისტემის დანერგვა თუ მოხდება, ეჭვი მეპარება, არჩევნების მიმართ პრინციპული კრიტიკა იყოს. პრობლემების შექმნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მასშტაბური პრობლემები არ იქნება. მგონი, არჩევნების მიმართ პრეტენზია აღარ იქნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე.