სანდრო რაქვიაშვილი - არ მიმაჩნია, რომ შერიგება ცალმხრივი ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვება იქნება შერიგება, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ბევრი აქვს გასაკეთებელი
სანდრო რაქვიაშვილი - არ მიმაჩნია, რომ შერიგება ცალმხრივი ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვება იქნება შერიგება, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ბევრი აქვს გასაკეთებელი

უკვე ტრადიციულად, პრეზიდენტმა კარგი განცხადება გააკეთა და მხარს დავუჭერ, – ასეთ კომენტარს აკეთებს ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებულ განხცხადებაზე: „პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

დეპუტატის თქმით, შერიგება და კონფლიქტების დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.

„მეორე საკითხია, რამდენად მზად არიან ამისთვის. ძირითადად, დაპირისპირებული მხარეები არიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მართალი გითხრათ, არ მჯერა, რომ ამ მხარეებს შორის გულწრფელი სურვილი არსებობს, რომ შერიგდნენ. სანამ ეს სურვილი არ იარსებებს, ვინც უნდა მოუწოდოს, პრეზიდენტი იქნება, პატრიარქმაც გააკეთა, ამერიკელმა მეგობრებმა, „გირჩმაც“, მაგრამ არაფერი შველის.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის, თუმცა არ ვიცი ასეთი ფორმატის დეტალები. რაიმე შანსი თუ გამოჩნდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, მხარს დავუჭერთ. არ მიმაჩნია, რომ შერიგება ცალმხრივი ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვუშვათ და ეს იქნება შერიგება. ეს შეიძლება იყოს შერიგების ელემენტი, როცა რაღაც ეტაპის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ციხეში, სხვა პირობებიც უნდა შედგეს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ბევრი აქვს გასაკეთებელი ამისთვის, მათი მხრიდანაც უნდა იგრძნობოდეს გულწრფელობა. თავისთავად, მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი და ამოსავალი წერტილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ რას გააკეთებს. ისინი თუ ამბობენ – ხშირად გაგვიგია განცხადება, რომ მოვლენ, ვიღაცას დაიჭერენ, შურისძიების ელემენტებია მათ განცხადებაში, მაშინ, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი არ იქნება. როგორც ეკლესიის პოზიციაა, რომ მონანიებაც უნდა იყოს, შეცდომების აღიარებაც უნდა იყოს და ასევე ურთიერთპატიება. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ უამრავი ტრაგიკული მომენტი იყო და ბევრმა ადამიანმა დააშავა, მაგრამ ადრე თუ გვიან, უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი ნაბიჯი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

დატოვე კომენტარი