სანდრო ნარიმანიძე - სლოვაკეთში გადასვლამდე ლოჩოშვილს და კაშიას ვესაუბრე #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მცველი სანდრო ნარიმანიძე სლოვაკური „ჟილინას“ ფეხბურთელი გახდა – 19 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი 2023 წელს საქართველოში საუკეთესო ახალგაზრდა (19-წლამდე) ფეხბურთელადაც დაასახელეს. ის „ჟილინაში“ იანვრის დასაწყისში ჩავიდა, ვარჯიშებზე მწვრთნელებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და საბოლოოდ მასთან კონტრაქტი გააფორმეს.
„დიდი ხანია, ვეძებდით მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალურ მცველს, სანდრო ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით და ბურთის ფლობის კარგი უნარით. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული საკონტროლო თამაშების შემდეგ გადავწყვიტეთ, მასთან კონტრაქტი გაგვეფორმებინა“, – განაცხადა „ჟილინას“ სპორტულმა მენეჯერმა, კაროლ ბიელანიკმა.
„იბერიის“ აღზრდილი მეოთხე ქართველი გახდა, ვინც „ჟილინას“ მაისურს მოირგებს. მანამდე დუბნოში თამაშობდნენ გიორგი ციმაკურიძე, ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი თევზაძე. ალექსანდრე ნარიმანიძე ახალ გუნდში 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ბედნიერი ვარ, რომ ახალ გუნდში ჩავირიცხე. მადლობა ჩემს წინა კლუბს, თბილისის „იბერიას“, რომელმაც გამზარდა და აქამდე მიმიყვანა. მოუთმენლად ველი ახალ ლიგაში თამაშს. „ჟილინა“ მეგობრული და, ამავე დროს, პროფესიონალების გუნდია, მომწონს მისი თამაშის სტილი. გარდა ამისა, გუნდს შეუძლია, ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარებისთვის იდეალური გარემო შეუქმნას, რასაც პირველი კვირების შემდეგ ვგრძნობ. ჩემთვის მთავარია, რეგულარულად ვითამაშო.
წამოსვლამდე ლუკა ლოჩოშვილსა და გურამ კაშიას ველაპარაკე, მათ სლოვაკეთის ფეხბურთზე ბევრი საინტერესო რამ მითხრეს. სლოვაკეთის ლიგა ქართულთან შედარებით უფრო მაღალი დონისაა. აქ ბევრმა ქართველმა წინსვლა შეძლო და ვფიქრობ, მეც მათ შორის ვიქნები“, – თქვა სანდრო ნარიმანიძემ.