სანდრო მამუკელაშვილის დაბრუნება მილუოკიში – 12 ქულა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა – მისმა „სან ანტონიომ“ „მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ ითამაშა. მოედანზე მამუს უშუალო ვიზავი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. გამარჯვება ფავორიტმა „მილუოკიმ“ მოიპოვა – 130:94.
მამუკელაშვილმა მილუოკიში 28 წუთი ითამაშა. ქართველი მძიმე ფორვარდი პირველი პერიოდის მე-6 წუთზე გამოჩნდა მოედანზე და საკმაოდ აქტიური იყო. „სან ანტონიოში“ თავის პირველ ორმაგ დუბლამდე სანდროს 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. სანდრომ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
მოედანზე ყოფნის პერიოდში მისი ვიზავი უმეტესწილად იანისი იყო, რომელიც, როგორც უმეტეს შემთხვევაში, „მილუოკიში“ ამჯერადაც საუკეთესო იყო: 31 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი. „სან ანტონიოში“ სანდროს მსგავსად 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ზაკ კოლისმა, ხოლო ბომბარდირი 16 ქულით დევინ ვასელი გახდა.
MAMU COMIN’ THROUGH pic.twitter.com/D4R6jwYWLv
— San Antonio Spurs (@spurs) March 23, 2023
„სპურსი“ პლეი ოფში ვეღარ გავა და სეზონში დარჩენილ 9 შეხვედრას საკუთარი გუნდის ახალგაზრდა, პერსპექტიული წევრებისთვის მაქსიმალური გამოცდილების მისაცემად გამოიყენებს, რაც მამუკელაშვილისთვის სწორედ ის გახლავთ, რაც მას განვითარებისა და NBA-ში დამკვიდრებისთვის სჭირდება.
შემდეგ მატჩს სან ანტონიო 24 მარტს, სტუმრად, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს.
📍 Milwaukee pic.twitter.com/afY0iWC0Rv
— San Antonio Spurs (@spurs) March 22, 2023