სანდრო მამუკელაშვილი ნბა-ს 2020 წლის დრაფტის წინასწარ კანდიდატთა სიაშია
სანდრო მამუკელაშვილი ნბა-ს 2020 წლის დრაფტის წინასწარ კანდიდატთა სიაშია

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა 2020 წლის დრაფტის წინასწარი კანდიდატების 205-კაციანი სია, რომელთა შორისაც ქართველი კალათბურთელი, 20 წლის სანდრო მამუკელაშვილიცაა. სანამ ჩვენებურის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, დავაზუსტებთ, თუ რას ნიშნავს NBA-ს დრაფტზე წინასწარი კანდიდატების სია.

ეს გახლავთ ის კალათბურთელები, რომლებიც პერსპექტიულები არიან, ან უბრალოდ არ არიან ასეთები და NBA-ში მოხვედრის სურვილი აქვთ. წინასწარ კანდიდატად დარეგისტრირება ნებისმიერ კალათბურთელს შეუძლია და მასში არ შედიან ის მოთამაშეები, რომლებიც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) ბოლო სეზონს თამაშობენ, ანუ „სენიორების“ სტატუსს ატარებენ.

მამუკელაშვილის სტატუსია „იუნიორი“ (Junior), რაც მესამე კურსის შესაბამისია. ანუ სანდრო მესამე წელია, სტუდენტურ ლიგაში თამაშობს და მას შესაძლებლობა აქვს, NCAA-ში კიდევ ერთი სეზონი (2020-2021) გაატაროს. წინასწარ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, დრაფტის გამართვამდე 10 დღით ადრე მოხსნან თავისი კანდიდატურა და ისინი კვლავ იმ გუნდში ითამაშებენ, სადაც მანამდე იყვნენ. თუკი ამას არ გააკეთებენ, დრაფტზე არც ერთმა გუნდმა რომ არ აირჩიოს, სტუდენტურ ლიგაში თამაში აღარ შეეძლებათ. აქვე დავაზუსტებთ, რომ ყველა ის კალათბურთელი, რომელიც NCAA-ში ბოლო სეზონს ატარებს, დრაფტის სიაში თავისთავად არიან, ოღონდ ზემოთაღნიშნულ 205-კაციან წინასწარ კანდიდატთა შორის არ ფიგურირებენ.

ცნობისთვის, გოგა ბითაძე, რომელიც დრაფტზე 2019 წელს აირჩიეს, 2018 წლის დრაფტის წინასწარ კანდიდატებს შორისაც იყო, თუმცა დათქმულ დრომდე საკუთარი განაცხადი გააუქმა. წლევანდელი დრაფტი 25 ივნისს, ბრუკლინის „ბარკლაი სენთერში“ გაიმართება და შესაბამისად, წარმოდგენილ 205 კანდიდატს სიიდან საკუთარი სახელის ამოწერა 15 ივნისამდე შეუძლია.

წინასწარ კანდიდატთა შორის 163 ამერიკის საუნივერსიტეტო გუნდის წევრია, დანარჩენი 42 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში თამაშობენ. ეგრეთ წოდებული საერთაშორისო მოთამაშეებიდან გამოსარჩევია თელ ავივის „მაკაბის“ წევრი დენი ავდია და სერბული „მეგა ბიმაქსის“ (გოგა ბითაძის ყოფილი გუნდი) მოთამაშე, მარკო სიმონოვიჩი.

სანდრო მამუკელაშვილი სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კონფერენციის – Big East-ის მოწინავე გუნდ „სეტონ ჰოლის“ წევრია. სეტონჰოლელებმა კონფერენციაში „ვილანოვას“ და „კრეიტონის“ მსგავსად 13 მოგების წილ ხუთი მატჩი წააგეს და ამ გუნდებთან ერთად 1-3 ადგილები გაინაწილეს. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო Big East-ის კონფერენციის პლეი ოფი ვეღარ დაიწყო და იმ მომენტისთვის სტუდენტური ლიგის 32 კონფერენციის 447 გუნდს შორის ოფიციალური რეიტინგით „სეტონ ჰოლი“ მე-19 ადგილზე იყო. მანამდე ორი კვირით ადრე კი მამუკელაშვილის გუნდი საუკეთესო ეულში შედიოდა.

მამუკელაშვილი თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 2019-2020 წლების სეზონში სანდრო 20 მატჩში საშუალოდ 11.9 ქულას, 5.95 მოხსნას, 1.35 პასს და 0.6 დაფარებას აგროვებდა. მამუკელაშვილმა 18 მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე საშუალოდ 26.2 წუთს ატარებდა და ორქულიანებს 54%-იანი, ხოლო სამიანებს – 43.4%-იანი სიზუსტით ესროდა. მამუკელაშვილი ამერიკაში დაბადებულია და ამ ქვეყანასთან ერთად ფლობს საქართველოს მოქალაქეობასაც. მამუკელაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში – სერბეთთან და ავსტრიასთან უთამაშია, ხოლო ჩეხეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში ორჯერ დაუპირისპირდა.

მაშ ასე, სანდრო მამუკელაშვილი 2020 წლის NBA-ს დრაფტის წინასწარი კანდიდატების სიაშია და თუკი 15 ივნისამდე უარს ოფიციალურად არ დააფიქსირებს, 25 ივნისს, ბრუკლინის „ბარკლაი სენთერში“ დაგეგმილ ცერემონიალზე NBA-ს რომელიმე გუნდში მოხვედრის შანსი ექნება.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია – GBF.GE