სანდრო მამუკელაშვილი „ლეიკერსთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ESPN-ის ინსაიდერის, შამს ჩარანიას ცნობით, თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს. ქართველი კალათბურთელი კალიფორნიულ კლუბს 52 მილიონი დოლარის ღირებულების ოთხწლიან ხელშეკრულებაზე დათანხმდა.
სააგენტო Priority Sports-ის წარმომადგენლების, ჯორჯ რუსაკისისა და მარკ ბარტელშტეინის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტის მეოთხე წელს მამუკელაშვილს შესაძლებლობა ექნება, მოთამაშის ოფციაც გამოიყენოს და თავისი მომავალი თავად განკარგოს.
ამჟამად „ლეიკერსში“ სერიოზული საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – გუნდი ლებრონ ჯეიმსმა და რუი ჰაჩიმურამ დატოვეს. ლებრონის წასვლის შემდეგ, კალიფორნიელთა ლიდერი ლუკა დონჩიჩია, მისი უპირველესი დამხმარე კი – ოსტინ რივზი. ამასთან ერთად, კლუბის ხელმძღვანელობის სამიზნედ „იუტა ჯაზის“ 24 წლის ცენტრი, უოკერ კესლერი რჩება. თუმცა, რადგან ის შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტია, ტრანსფერის ბედი საბოლოოდ სწორედ „იუტას“ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება უშუალოდ სანდრო მამუკელაშვილის მონაგარს, გასული სეზონი „ტორონტოს“ რიგებში გაატარა. მან 80 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პარკეტზე კი საშუალოდ 21.9 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ქართველი კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა 11.2 ქულას, 4.9 მოხსნას, 1.9 შედეგიან გადაცემას, 0.8 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას შეადგენდა.