სანდრო მამუკელაშვილი - იანისი აქცენტს ფიზიკურ თამაშზე აკეთებს, ხოლო ვემბანიამა უფრო უნივერსალური კალათბურთელია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ტორონტო რეპტორსის“ ფორვარდს, სანდრო მამუკელაშვილს მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავების, ვიქტორ ვემბანიამასა და იანის ანტეტოკუნმპოს შედარება სთხოვეს.
ქართველ კალათბურთელს კარიერის მანძილზე ორივე მათგანთან აქვს ნათამაშები – „მილუოკის“ რიგებში ანტეტოკუნმპოსთან ერთად გამოდიოდა, ხოლო „სან ანტონიოში“ – ვემბანიამასთან ერთად.
„იანისი უფრო ფიზიკურ თამაშზე აკეთებს აქცენტს და ქულებს, ძირითადად, ძალისმიერი სტილით აგროვებს. ვემბანიამა კი უფრო უნივერსალური კალათბურთელია – შეუძლია შორეული სროლა, ორივე ხელით ჩატენვა და საშუალო დისტანციიდან შეტევის ეფექტურად დასრულება.
ვფიქრობ, ვემბანიამას შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს – რთულია, წინასწარ განსაზღვრო, რას გააკეთებს მოედანზე. შეუძლია ბურთის კონტროლი, შეტევის წამოწყება ცენტრის პოზიციიდან და შედეგიანად დასრულება. რაც მეტ გამოცდილებას მიიღებს, უფრო ძლიერი გახდება“, – აღნიშნა მამუკელაშვილმა.
26 წლის ქართველი მოთამაშე NBA-ში კარიერას „მილუოკის“ რიგებში იწყებდა (2021-2023), ის „სან ანტონიოს“ 2023 წლის 3 მარტს შეუერთდა და ტეხასური გუნდის ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე იცავდა.
მიმდინარე სეზონში ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო საშუალოდ 28.0 ქულას, 10.0 მოხსნასა და 5.6 ასისტს აგროვებს, ხოლო ფრანგი ვემბანიამა – 24.2 ქულას, 11.3 მოხსნას, 2.9 ასისტსა და 2.8 დაფარებას.