სანდრო მამუკელაშვილი „დინამოს“ აკადემიას ესტუმრა - რომ არა კალათბურთი, ფეხბურთელი გავხდებოდი #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი „დინამოს“ აკადემიას ესტუმრა - რომ არა კალათბურთი, ფეხბურთელი გავხდებოდი #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიას განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც NBA-ში ასპარეზობს.

მან აკადემიის დამწყებ ფეხბურთელებს საკუთარი კარიერული გზა და გამოცდილება გაუზიარა, „დინამომ“ კი 54-ნომრიანი მაისურა გადასცა.

„ამერიკაში რომ წავედი, ზაზა ფაჩულია და ამერიკელი კალათბურთელები რჩევებით მეხმარებოდნენ. მინდოდა, რომ ჩამოსვლის შემდეგ ჩემი გამოცდილება ახალგარზდებისთვის გამეზიარებინა. ამიტომ მსგავსი შეხვედრები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მთავარია, რომ გაიღვიძებ, შენ თავზე იმუშაო და შვიდჯერ რომ დავარდები, ფეხზე წამოდგე და შენი თავი გააკრიტიკო“, – ამბობს მამუკელაშვილი.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გაამხილა, რომ ბავშვობიდან ფეხბურთი უყვარდა და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა:

„საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის სპორტის ნომერ პირველი სახეობა იყო. დიდი გულშემატკივარი ვარ,  ნაკრების და „დინამოს“ შეხვედრებზე დავდიოდი, ფეხბურთი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტია კალათბურთის შემდეგ. ჩემი საყვარელი მოთამაშე რონალდინიოა, გუნდებიდან კი „ბარსელონას“ ვგულშემატკივრობდი. რომ არა კალათბურთი, ნამდვილად ფეხბურთელი ვიქნებოდი“.

მამუკელაშვილი თბილისური კლუბის გულშემატკივარია:

„არ დავმალავ, „დინამო“ ჩემი საყვარელი ქართული გუნდია. აკადემიაში ნამყოფი არ ვიყავი და ძალიან გახარებული ვარ, ბავშვებს პოტენციალის გამოსავლენად ასეთ შესაძლებლობებს რომ უქმნით. ახლა „დინამოს“ თამაშებზე უფრო ხშირად ვივლი, უკვე ჩემი მაისურიც მაქვს“.