სანდრო კობახიძე უკრაინის ტურის სიმბოლურში მეორედ მოხვდა
სანდრო კობახიძე უკრაინის ტურის სიმბოლურში მეორედ მოხვდა

სანდრო კობახიძე პოლტავასვორსკლაში“ არც ისე დიდი ხნის წინ ჩაირიცხა და ჯერ მისი ფორმა მხოლოდ შვიდ მატჩში მოირგო, ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი უკვე მეორედ დაასახელეს.

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე–19 ტურში „ვორსკლამ“ გასვლაზე გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მიმდინარე გათამაშებაში პოლტაველთა კონკურენტი, დონეცკის „ოლიმპიკი“ 4:1 დაამარცხა, 30 წლის კობახიძემ კი ულამაზესი გოლი გაიტანა დონეცკელთა კარში, რომელსაც წარმოშობით ქართველი კიპერი, უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე იცავდა.

უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემა footboom.com-მა საქართველოს ნაკრების შემტევი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა – „ვორსკლას“ ქართველი ნახევარმცველი, გამოცემის ვერსიით, საუკეთესო თერთმეტ მოთამაშეს შორის მეორედ მოხვდა.

„ქართველი ფლანგის შემტევმა ისე ითამაშა, როგორც ძველ, კეთილ დროს და ფლანგიდან მომენტს მომენტზე ქმნიდა. ტრადიციულად, იგი მშვენივრად ახერხებდა თანაგუნდელებთან შეწყობილ თამაშს და პარტნიორების დაზღვევასაც ასწრებდა. ანგარიში სწორედ ქართველის ინდივიდუალური გოლის წყალობით გაიხსნა, როდესაც კობახიძე ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგეს გაუმკლავდა და საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლის ავტორი გახდა“, – წერს footboom.com-ი.

ამ შეხვედრით უკრაინაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა. „ვორსკლა“ პრემიერლიგის ლიდერებშია – კობახიძის გუნდმა, 19 ტურის შემდეგ, 31 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა.