სანდრო კობახიძე - უკრაინელები ვაჟკაცი ერია, სამშობლოს კბილებით იცავენ და ვისურვებდი, ეს კოშმარი მალე დამთავრდეს #1TVSPORT
სანდრო კობახიძე - უკრაინელები ვაჟკაცი ერია, სამშობლოს კბილებით იცავენ და ვისურვებდი, ეს კოშმარი მალე დამთავრდეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა, სანდრო კობახიძემ (რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა უკრაინაში) უკრაინაში განვითარებული მოვლენების და არსებულ ვითარების შესახებ ისაუბრა:

„ძალიან მძიმე დღეებია ქართველებისთვის, უკრაინელებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. იქ ბევრი მეგობარი მყავს და როდესაც ვითარება იძაბებოდა, მაშინაც არ ჰქონდათ კარგი მოლოდინი. ქართველი ბიჭები ოდესაში თამაშობენ და ვიცი, რომ სასტუმროში გადაიყვანეს და დაცვა აუყვანეს.

– არიან ფეხბურთელები, რომლებმაც იარაღის აღება და ომში წასვლა გადაწყვიტეს. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ, მაგრამ არ მისცეს ამის საშუალება. ხალხი საკუთარ მიწას იცავს და ამაში ყველაა ჩართული. იქ საერთოდ სპორტზე აღარ არის ლაპარაკი.

– მძიმე მდომარეობაა უკრაინაში და ყველა თავის ქვეყანასა და მძიმე ვითარებაზე ფიქრობს. უკრაინელი ხალხი „მაიდანის“ დროს ვნახე, სასწაული რამ დავინახე, უდიდესი პატრიოტი და ვაჟკაცი ერია. 2014 წელს დნეპროპეტროვსკში ვიყავი, როდესაც ეს ამბები მოხდა და ომი რამდენიმე კილომეტრში მიდიოდა, მაგრამ პანიკა არ ყოფილა.

– ახლა ეს ხალხი კბილებით იცავს თავის სამშობლოს და ვისურვებდი, ეს კოშმარი მალე დამთავრდეს – ბუნებრივია, მე უკრაინელი ხალხის გვერდში ვარ. თბილისში გამართული აქციის გამო დიდი მადლობას მიხდიდნენ, ეს იმ ხალხს ძალიან ახარებს. კარგი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოთამაშეები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

– „შახტარის“ მოთამაშეებს წასვლა სურდათ, მაგრამ მორაეშმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და არ გამორიცხავ, რომ ქვეყანას გვერდში დაუდგეს. ქართველებთან ყოველდღე მაქვს ურთიერთობა. ანდრო გიორგაძე უკრაინაში კონტრაქტის გასაფორმებლად წავიდა, მაგრამ ეს ომის გამო ვერ მოხერხდა და პოლტავაში გადავიდა, სადაც შედარებით სიმშვიდეა. იქ გიორგაძე ჩემმა მეგობარმა ფეხბურთელმა მიიღო, რამდენი ხანიც გინდა იცხოვრეო. იქვეა საბა კვირკველია, მაგრამ გამოსვლას ვერ ახერხებენ, ეს ახლა პრობლემაა. გარეთ არ გადიან. მეც შევთავაზე უკრაინელ მეგობრებს, ნებისმიერ ოჯახს სიამოვნებით მივიღებ-მეთქი, მაგრამ ახლა ისინი ქვეყნიდან გამოსვლა ვერ ახერხებენ“.