სანდრო კობახიძე - ჩვენი კონკურენტი „გაგრა“ ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ #1TVSPORT
სანდრო კობახიძე - ჩვენი კონკურენტი „გაგრა“ ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ #1TVSPORT

ბოლნისის „სიონის“ კაპიტანმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სანდრო კობახიძემ გუნდის ფორმით პირველად გაიტანა. ეროვნულ ლიგა2-ში, მეათე ტურში, „რუსთავთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე სწორედ მან გახსნა.

სანდრო კობახიძემ „რუსთავთან“ მოგებული თამაში და სატურნირო ცხრილში არსებული ვითარება შეაფასა.

„ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას. თუმცა, წინ საკმაოდ რთული თამაშები გველის. ამიტომ ისეთ შეხვედრებს, როგორიც „რუსთავთან“ გვქონდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის სამი ქულა უნდა ავიღოთ. ახლა ზუგდიდის „დინამოსთან“ მომდევნო ტურის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ“, – ამბობს კობახიძე.

ბოლნისელთა გამოცდილმა შემტევმა კონკურენტ „გაგრაზეც“ ილაპარაკა: „ჩვენი კონკურენტი „გაგრა“ ძალიან კარგად გამოიყურება, თავის შეხვედრებს იგებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პირველი ადგილისთვის ორი გუნდი იბრძოლებს. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლებში გამარჯვებული ჩვენ უნდა გამოვიდეთ“.

ეროვნული ლიგა2-ში გამართული ათი ტურის შემდეგ, ბოლნისის „სიონი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, „გაგრა“ კი 23 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.