სანდრო ბითაძე - არსებობს ალბათობა, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად სათამაშო სახეობა გვყავდეს ოლიმპიურ თამაშებზე | ტაიმაუტი
სანდრო ბითაძე - არსებობს ალბათობა, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად სათამაშო სახეობა გვყავდეს ოლიმპიურ თამაშებზე | ტაიმაუტი

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სანდრო ბითაძემ ქართულ წყალბურთში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან სრულფასოვანი ვარჯიშის განახლების აუცილებლობაზე და სავარჯიშო აუზების გახსნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი –

„გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. მინდა გითხრათ, რომ წყალბურთის ყველა ქვეყანა ვარჯიშობს აუზში. სერბეთი, ხორვატია, მონტენეგრო, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია. გუნდები ვარჯიშობენ, აუზები გახსნილია. ახლა ივნისში პირველი საერთაშორისო მატჩიც გაიმართება, ხოლო თვის ბოლოს არის საერთაშორისო ტურნირი. ჩვენ გარდა ყველა ემზადება.“

მისივე თქმით, საქართველოს წყალბურთის ნაკრებს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი აქვს, ოღონდ ამისთვის გუნდმა ვარჯიში რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

„მაქსიმალურად ყველა ცდილობს შეინარჩუნოს ფორმა და არ მოიმატოს წონაში. რა თქმა უნდა, ფორმას მხოლოდ ასე, აუზში ვარჯიშის გარეშე, ვერ შეინარჩუნებ. ბიჭები დღეში სამ-ოთხ კილომეტრს ცურავდნენ. ეს არის მზადების პროცესი, რეჟიმში ცურვა. სამი თვეა ქართველი წყალბურთელები წყალში არ ჩასულან. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყვეტენ ჩვენს ბედს. თებერვალი ახლოს არის და ოლიმპიურის შესარჩევზე უძლიერესი გუნდები იღებენ მონაწილეობას. არსებობს ალბათობა, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად სათამაშო სახეობა გვყავდეს ოლიმპიურ თამაშებზე. ალბათობა ძალიან დიდია, უბრალოდ ამისთვის მალე უნდა დავიწყოთ ვარჯიში,“ –  განაცხადა სანდრო ბითაძემ.

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.