სანდრო ბაზაძე - მსოფლიო თასის ფინალში კუნთი დამეჭიმა, მაგრამ ბრძოლის შეწყვეტაზე არც მიფიქრია #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე - მსოფლიო თასის ფინალში კუნთი დამეჭიმა, მაგრამ ბრძოლის შეწყვეტაზე არც მიფიქრია #1TVSPORT

სანდრო ბაზაძემ შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში („თბილისის თასი 2022“), რომელსაც სპორტის სასახლე მასპინძლობს და ისტორიული შედეგი დააფიქსირა – ის პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში იტალიელი ჯოვანი რეპეტი დაამარცხა, ნახევარფინალში ფრანგ ბოლად აპიტს სძლია, ხოლო ფინალში რუს კამილ იბრაგიმოვს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 15:8 დაამარცხა.

„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანესი გამარჯვებაა და ძალიან ბედნიერი ვარ. კიდევ უფრო ის მიხარია, რომ მსოფლიო თასის გამარჯვებული თბილისში გავხდი. აქ ისეთი მაგარი გულშემატკივრობა იყო, ამ ხალხის წინაშე წაგება შეუძლებელია. მინდა, ჩემს ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო“ , – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სანდრო ბაზაძემ.

სანდრომ ორთაბრძოლა შესანიშნავად დაიწყო და 5:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ფეხის ტრავმის გამო ორიოდე წუთით ბრძოლა შეჩერდა. თუმცა სანდრომ ბრძოლა არ შეწყვიტა და რუსი მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატკენი ფეხით მეტოქის შანსი არ დაუტოვა:

„ფეხი ნახევარფინალში ფრანგ ბოლად აპიტისთან შეხვედრის დროსაც ამტკივდა, ფინალში კი კუნთი დამეჭიმა, მაგრამ ბრძოლის შეწყვეტაზე არც მიფიქრია, რადგან მოგების ასეთი შანსი მქონდა“.

სანდროს თქმით, მისი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა: 

„მსოფლიო თასის შემდეგ უახლოეს პერიოდში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მელის და ამისთვის მოვემზადები. ზოგადად კი ჩემი მიზანი ოლიმპიადაზე მოხვედრა და იქ წარმატების მიღწევაა“.