სანდრო ბაზაძე - არაკომპეტენტური მსაჯობისა და დაუფასებლობის გამო, მედალი ვერ მოვიპოვე [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე - არაკომპეტენტური მსაჯობისა და დაუფასებლობის გამო, მედალი ვერ მოვიპოვე [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები საკმაოდ ახლოს იყო პირველი მედლის მოპოვებასთან. სანდრო ბაზაძე, ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების შედეგად დამარცხდა, ბოლოს კი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლა დათმო.

სანდრომ ამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაკომპეტენტურ მსაჯობას აუცილებლად გაასაჩივრებს, მომავალ ოლიმპიადაზე კი უფრო მაღალის მიზნებისთვის იბრძოლებს.

„სამწუხაროდ დამთავრდა გუშინდელი დღე ჩემთვის. მაქსიმალურად ყურადღებით და მაქსიმალურად მომზადებული ვიყავი ამ ოლიმპიადისათვის. ერთი წლის წინ გადაიდო, მაგრამ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ვარჯიშს, მოვედი მომზადებული, ბოლომდე ვიყავი ჩართული და ჩემი აზრით, მზად ვიყავი მომეპოვებინა ოქროს მედალი.

არაკომპეტენტური მსაჯობისა და დაუფასებლობის გამო ეს ვერ მოვახერხე, ნახევარფინალში დავმარცხდი, მაგრამ მე არ ვთვლი თავს დამარცხებულად, რადგან ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავასაჩივრო და პასუხი გავცე ამ არაკომპეტენტურ მსაჯებს. სამწუხარო იყო, რადგან როცა შენ ხარში ხარ დარწმუნებული და გრძნობ, რომ შეგიძლია ოქროს მედალი მოიპოვო, რაც მოხდა ცოტა რთული გადასატანია, მაგრამ ყურებს არ ჩამოვყრი და გავაგრძელებ ჩემი მიზნისათვის ბრძოლას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი თავი შემდეგ ოლიმპიადაზე მაქსიმალურად უკეთესად წარმოვაჩინო.

მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ქართველ სპორტსმენს, რადგან საამაყოები არიან. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი ქვეყანა გაიტანონ საზღვრებს გარეთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ბევრი მედლით დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში.“

 

ბაზაძემ ნახევარფინალში მისვლამდე ორჯერ ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, რეიტინგის პირველ ნომერს სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰის სძლია. ნახევარფინალში კი უნგრელ შილაგთან დამარცხდა. ბოლო დაპირისპირებაში კი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლა ბაზაძემ კორეელ მოფარიკავესთან დათმო.

დატოვე კომენტარი