სანდრო ანდრონიკაშვილი ესპანეთიდან დაბრუნდა
სანდრო ანდრონიკაშვილი ესპანეთიდან დაბრუნდა

სანდრო ანდრონიკაშვილი ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში ლოკომოტივში ითამაშა – მისი გუნდი მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

სანდრო ლოკომოტივის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 10 წუთში ლოკომოტივის მცველმა მოედანი დატოვა – სანდრო დაშავდა – 19 წლის ფეხბურთელს ტერფი დაუზიანდა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. მაგრამ მისი ტრავმა საშიში არაა – ლოკომოტივში იმედოვნებენ, რომ სანდრო მოედანს შემდეგ ტურში დაუბრუნდება.

სანდრო ანდრონიკაშვილი თბილისელთა ორკვირიან ესპანურ შეკრებაზე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მადრიდის ატლეტიკოს სკაუტებმა შენიშნეს და დუბლშემადგენლობაში გასინჯვაზე მიიწვიეს. ქართველი მოთამაშე მადრიდულ კლუბში 27 თებერვლიდან 1 მარტამდე იმყოფებოდა და ახლა კლუბს დაუბრუნდა.

სინჯების შემდეგ მადრიდელები გადაწყვეტენ, ქართველ მცველს ზაფხულში მიიწვევენ თუ არა. მაგრამ როგორც შევიტყვეთ, სანდრო ესპანეთიდან დაიმედებული წამოვიდა და ატლეტიკოს პასუხს უახლოეს პერიოდში ელის.