სანდრო ალთუნაშვილი - „საბურთალო“ წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
სანდრო ალთუნაშვილი - „საბურთალო“ წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

„განვლილი მატჩებიდან უმრავლესობაში გავიმარჯვეთ, თუმცა ჯერ ისეთ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ, როგორიც გვსურს. ბევრს ვმუშაობთ და მჯერა მალე თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ“, – ამბობს „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი, 22 წლის სანდრო ალთუნაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ჩემპიონ კლუბში უკვე 104 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჩატარებული მატჩებიდან ქუთაისის „ტორპედოსთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრებია გამოარჩია – „ქუთაისელებთან შეხვედრა დამამახსოვრდა, რადგან ძლიერი გუნდია. მათთან უპირატესობა თავიდანვე მოვიპოვეთ და საბოლოოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. წაგების მიუხედავად, ბათუმის „დინამოსთან“ გამართული მატჩსაც გამოვყოფდი. მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი გულშემატკივრებმა ითამაშეს. ყველგან მსგავსი ატმოსფერო რომ იყოს, ჩვენი ჩემპიონატის დონე ბევრად აიწევს“.

ახალგაზრდა ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ „საბურთალო“ წელსაც ჩემპიონატის ფავორიტია – „2018 წლიდან მოყოლებული „საბურთალო“ გათამაშებას ლიდერობს, თუმცა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ. მომავალ ტურში, 4 მაისს, „ლოკომოტივთან“ დედაქალაქური დერბი გველის, რომელთანაც ყოველთვის საინტერესო და დაძაბული თამაშები გვაქვს. შევეცდებით, გავიმარჯვოთ და ისევ გავლიდერდეთ. „საბურთალო“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ამბიციური კლუბია და იმის რესურსი და ძალა გვაქვს, კვლავ ჩემპიონები რომ გავხდეთ“.

ალთუნაშვილის აზრით, მეტოქეები წელს „საბურთალოსთან“ უფრო მოტივირებულები არიან – „აშკარად ჩანს, რომ ჩვენს წინააღმდეგ გუნდები გაორმაგებული მოტივაციით გამოდიან. „საბურთალო“ 2018 წლის ჩემპიონია და ყველას სურს, კარგად ითამაშოს. ჩემი აზრით, ჩემპიონობისთვის ბრძოლა „საბურთალოსთან“ ერთად კიდევ რამდენიმე გუნდს შეუძლია – ბათუმისა და თბილისის „დინამოს“, „ტორპედოს“, „ჩიხურაც“ ყოველთვის რთული მოწინააღმდეგეა“.

ორ თვეში „საბურთალოს“ ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩები ელის. ალთუნაშვილმა თავის მოლოდინზე ილაპარაკა – „ფეხბურთელების ნახევარზე მეტს ევროტურნირებზე მონაწილეობის გამოცდილება არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, თავი კარგად რომ წარმოვაჩინოთ. ევროპაში სხვა სისწრაფეები და სხვა ფიზიკური მომზადებაა, გამოცდილი კლუბების წინააღმდეგ ვითამაშებთ და ჩვენი რეალური ძალა სწორედ ასეთ შეხვედრებში გამოჩნდება“.