სანდრა რულოვსი - დაგვდევენ, მაგრამ მგლის არ უნდა შეგეშინდეს, როცა ტყეში მიდიხარ
სანდრა რულოვსი - დაგვდევენ, მაგრამ მგლის არ უნდა შეგეშინდეს, როცა ტყეში მიდიხარ

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის მეცხრე კანდიდატი დარეგისტრირდა. განცხადება მერობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა შეიტანა.

სანდრა რულოვსს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რატომ სტუმრობს მხოლოდ ცალკეულ ოჯახებს და აღნიშნეს, რომ  მის სამოქმედო პროგრამას ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არ იცნობს. რულოვსის განცხადებით, მას არ აქვს დახურული შეხვედრები და მისი საარჩევნო სტრატეგიაა, კონკრეტულ უბნებს ესტუმროს, რათა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნოს.

„კარდაკარ დავდივარ ქუჩებში, კონკრეტულ ოჯახებში არ მივდივარ, გზაში მანქანებიც ჩერდებიან და მესალმებიან. სკოლებშიც მივდივარ, სადაც მშობლები გარე პერიმეტრზე არიან. ჩემი შეხვედრები დახურული არ არის, თუმცა რამდენიმე ოჯახში ნამდვილად შევდივარ, სადაც განსაკუთრებული სიტუაციია, მძიმე ავადმყოფები არიან და გადაადგილება უჭირთ. აუცილებლად იქნება ღია შეხვედრაც, სადაც მოსახლეობას ყველა დაპირებას გავაცნობ. თუმცა ჩემს ბროშურაშიც წერია ჩემი პროგრამა“, – განაცხადა რულოვსმა.

მისივე თქმით, უპირატესობა მის მხარეზეა.

„ბუნებრივია, ყველას არ მოვეწონები, მაგრამ უპირატესობა ჩემს მხარესაა, ამას ვხედავ და ბევრად მეტს გავაკეთებ, როგორც მერი, ვიდრე საქველმოქმედო ფონდის დირექტორი. ამ მხრივაც ვეხმარებოდი ზუგდიდელებს, მაგრამ როგორც მერი, ბევრად მეტს გავაკეთებ. არის პატარა პრობლემები, დაგვდევენ, მაგრამ მგლის არ უნდა შეგეშინდეს, როცა ტყეში მიდიხარ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

რიგგარეშე არჩევნებში ზუგდიდის მერობის ცხრა კანდიდატია დარეგისტრირებული, ექვსი სხვადასხვა პარტიიდან, სამი კი საინიციატივო ჯგუფიდან.

მმართველ პარტიას კანდიდატი ჯერ არ დაურეგისტრირებია.

რეგისტრაციის ვადა 19 აპრილს იწურება.