სანდრა რულოვსი - მიშა ჟურნალისტებთან ყოველთვის კარგად არის და ეფერება
მიშა ჟურნალისტებთან ყოველთვის კარგად არის და ძალიან კარგად იცის მედიის ძალა, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მედიის წარმომადგენლებმა მას ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიასადმი მიმართვაზე ჰკითხეს.
სანდრა რულოვსის თქმით, შესაძლოა ექსპრეზიდენტმა „რაღაც ემოციის დროს რაღაც თქვა“, თუმცა სააკაშვილის დამოკიდებულება მედიისადმი ძალიან დადებითია. მისი თქმით, პირიქით, სააკაშვილი „ეფერება“ ჟურნალისტებს და ცდილობს, სხვადასხვა აზრის მქონე მედიასთან ჰქონდეს ურთიერთობა.
„არ ვიყავი იმ შეხვედრაზე. ამის ადრესატი არ ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო აგიტაციისა და შეხვედრების დროს ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი. უნდა აცალონ ერთმანეთს“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
25 აპრილს მიხეილ სააკაშვილი „სკაიპით“ ჩაერთო ფაიფურის დასახლების მცხოვრებლებს, სადაც კითხვის დასმა ჟურნალისტმა მალხაზ ბასილაიამ სცადა. მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რის გამოც პრეტენზია გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტს მიმართა: „გაიპარსე ცოტა, მოწესრიგდი და მერე დავილაპარაკოთ“.