სანაკრებო ლეგიონი | ქოჩორაშვილი განაცხადში დაბრუნდა, პოლონეთში წარუმატებელი ტური იყო, კვირკველია გუნდში საუკეთესოდ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ „ლევანტეში“ ვარჯიში განაახლა, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრაში, „ოვიედოსთან“, სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. იმედია, გიორგი ლუქსემბურგთან 21 მარტის შეხვედრისთვის მზად იქნება და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში დაეხმარება. „ლევანტემ“ გასვლითი მატჩი 2:3 წააგო.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ შინ „ვარტასთან“ დამარცხდა – 0:1. ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა.
პოზნანის „ლეხში“ ნიკა კვეკვესკირს არ უთამაშია, მისმა გუნდმა სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „რაკოვთან“ 0:4 წააგო. შედეგად, პოზნანელები მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდნენ.
საბა კვირკველიამ „ალ ახდუდში“ შეუცვლელად ითამაშა საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩში „ალ რიადთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 დათმო. საქართველოს ნაკრების მცველმა 7,2 ქულა მიიღო, რაც მასპინძელთა რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა.