სანახაობრივი ფინალი და ვერცხლის მედალი - ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
სანახაობრივი ფინალი და ვერცხლის მედალი - ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც ორი მათგანი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი პრესტიჟული გრანდ სლემის ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სოტარო ფუჯივარას დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. პირველ წუთზე გაშვებული ვაზარის შემდეგ, ტატომ იაპონელს მალე ვაზარითვე უპასუხა, მაგრამ შემდეგ თავის დაწყებულ ილეთზე მეორე ვაზარი მიიღო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

 

ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთი მედლისთვის იბრძოლებს ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), რომელიც ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ​მამადალი მეჰდიევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მოსაპოვებლად უზბეკ დავლათ ბობონოვს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა დღეს გამომსვლელი მესამე სპორტსმენი, 90 კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, რომელიც შეჯიბრების სასტარტო დაპირისპირებაში მასპინძელ სპორტსმენთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) და ჯაბა პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.პარიზის გრანდ სლემი დღეს დასრულდება.