სანაიამ „შევარდენი-1906“ დატოვა - კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია
სანაიამ „შევარდენი-1906“ დატოვა - კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია

„შევარდენი-1906“- ის მთავარი მწვრთნელი გელა სანაია და მისი ასისტენტი გიგა გვიჩია გუნდში მუშაობას აღარ გააგრძელებენ.

„გელა სანაიამ გუნდი 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და დასახული ამოცანა, რასაც გუნდის ლიგა 2- ში ადგილის შენარჩუნება ერქვა, პირნათლად შეასრულა. უკან მოტოვებულ ურთულეს სეზონში, სანაიას ხელმძღვანელობით, „შევარდენმა“ ასპარეზობა მე-6 პოზიციაზე დაასრულა და მომავალ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება 4 ტურით ადრე მოიპოვა. ჩვენი კლუბისთვის პატივი იყო ისეთ გამოცდილ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიც გელა სანაიაა. მადლობას ვუხდით სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ სეზონში“, – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

„შევარდენის“ მენეჯმენტი ამ ცვლილების მიზეზებზე არაფერს წერს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. გულშემატკივრებისთვის გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს უკავშირდება კლუბში შესაძლო ცვლილებებს – არაა გამორიცხული, „შევარდენში“ ახალი ინვესტორი მივიდეს, რომელიც კლუბს ახალ საფეხურზე აიყვანს. თუმცა, ამის შესახებ იუნკერების ხელმძღვანელობა ჯერ კომენტარს არ აკეთებს.