წასვლის დრო დადგა - „ლოკომოტივს“ იტალიელი მწვრთნელიც დაემშვიდობა #1TVSPORT
წასვლის დრო დადგა - „ლოკომოტივს“ იტალიელი მწვრთნელიც დაემშვიდობა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა დაემშვიდობა – სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, იტალიელი მწვრთნელი რიკარდო დე ვივო, რომელიც გუნდის ფიზმომზადებაზე იყო პასუხისმგებელი.

„თბილისის „ლოკომოტივს“ დავემშვიდობე. ეს იოლი სათქმელი არასოდეს არის, მით უმეტეს, ერთად გატარებული თითქმის ოთხი წლის შემდეგ. თუმცა ჩვენ მიერ ერთად გატარებული დრო ყოველთვის დარჩება გონებაში და გულში. მადლობა „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას, რომელმაც მომცა საშუალება, მემუშავა ამ გუნდის ოჯახში. მადლობას გიხდით ზრდის შესაძლებლობისა და შესანიშნავი მოგონებებისთვის, წარმატებებისთვის. მადლიერი ვარ სამწვრთნელო სტაფის წევრების, დამხმარე პერსონალის და მოთამაშეების, რომლებმაც თავი ოჯახის ნაწილად მაგრძნობინეს და ჩემი საქმე არამარტო გამიადვილეს, არამედ სასიამოვნოც გახადეს, მადლობა ამ შესანიშნავი წლებისთვის. სამწუხაროდ, წასვლის დრო დადგა, მაგრამ ეს არ არის დამშვიდობება, შევხდებით მოგვიანებით – წინ ლოკომოტივი“, – წერია რიკარდო დე ვივოს პოსტში.

იტალიელი მწვრთნელი საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, მერე გუნდში დააწინაურეს, ხოლო 2017 წლიდან „ლოკომოტივსი“ გადავიდა და მთავარ გუნდს ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, „ლოკომოტივის“ ადმინისტრაციამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, არსებული გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით და წამყვანი მოთამაშეები ვერ შეინარჩუნა.