სამუელ ინკუმი - „ტორპედოში“ თამაში მენეჯერთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტე
სამუელ ინკუმი - „ტორპედოში“ თამაში მენეჯერთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტე

ქუთაისის „ტორპედომ“ კონტრაქტი სამუელ ინკუმთან გააფორმა, რომელმაც გასული სეზონი „სამტრედიაში“ ითამაშა. ფეხბურთელმა ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა და კომენტარიც გააკეთა.

„ქუთაისელთა წინადადება როცა მივიღე, ჩემს მენეჯერთან კონსულტაციის შედეგად დაბრუნება გადავწყვიტე. ქუთაისის „ტორპედო“ ისტორიული და ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს. ჩემს აქ ჩამოსვლაზე დიდი როლი კლუბის ისტორიამ და წარსულმა ითამაშა. საქართველოში გატარებულმა ერთმა წელმა თქვენი ქვეყანა ძალიან შემაყვარა და დაბრუნების სურვილი მქონდა,“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სამუელ ინკუმმა.

31 წლის ფეხბურთელი განის ნაკრების წევრი იყო და აფრიკის ვიცე-ჩემპიონი (2010), მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი (2010) იყო.

„კონტრაქტი ექვსი თვით გავაფორმე და ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. წელს ქუთაისის „ტორპედომ“ მზადება გვიან დაიწყო და ბევრი უნდა ვიმუშაოთ, დასახული ამოცანები რომ შევასრულოთ. ძალიან მინდა რომ შეზღუდვები მოიხსნას და სტადიონზე ქუთაისელი ქომაგების შეძახილების ფონზე ვითამაშოთ. ფეხბურთი ხალხისთვისაა შექმნილი და იმედს ვიტოვებ. რომ ამ ისტორიული კლუბის გამარჯვებებს სავსე ტრიბუნების წინ მოვიპოვებთ,“ – ამბობს ინკუმი.

დატოვე კომენტარი