სამუელ ინკუმი - საქართველოში თავს კარგად ვგრძნობდი და სიამოვნებით დავბრუნდები
სამუელ ინკუმი - საქართველოში თავს კარგად ვგრძნობდი და სიამოვნებით დავბრუნდები

2020 წელს ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სახელიანი ლეგიონერი „სამტრედიას“ ფეხბურთელი სამუელ ინკუმი იყო. განის ნაკრებში ნათამაშებ გამოცდილ მცველს გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და დღეს დილით სამშობლოში გაემგზავრა, მაგრამ შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს. ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„მე ჯერ კიდევ ჩამოსვლის დროს ვთქვი, რომ 11 ქვეყანაში მითამაშია. აქ ჩამოსვლა და შავი ზღ​ვის ნახვა დიდი ხანი მინდოდა და ეს სურვილი ამისრულდა. თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი საქართველო და ქართველები აღმოჩდნენ. მე აქ თავს მართლა კარგად ვგრძნობდი და თუ კიდევ მომიწვევენ, სიამოვნებით დავბრუნდები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სამეულ ინკუმმა.

მან საქართველოში აფრიკელებისადმი დამოკიდებულებაზეც ილაპარაკა: „საქართველოში თითქმის 11 თვე ვიყავი და დავრწმუნდი, რომ აფრიკელების მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი ქვეყანა ბევრი არ მეგულება. გუნდში ნამდვილი მეგობრები შევიძინე, რომლებიც მეგობრულად მთხოვენ, რომ დავრჩე და ისევ „სამტრედიაში“ ვითამაშო. ეს ჩემთვის აღმოჩენა და დიდი სიურპრიზია. ამიტომ, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვიტყვი, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, სადაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და სადაც ნამდვილი მეგობრები შევიძინე“.

შეგახსენებთ, რომ სამეულ ინკუმი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი იყო – „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ჩამოსვლის დროს, მისი კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება 800 ათასი ევრო იყო. მან განას ეროვნული ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს გახდა აფრიკის ვიცეჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა.