სამუელ ეტო’ოს ბრალად ედება ჩაწყობილი მატჩების ორგანიზება და კორუფცია - ფიფა-მ გამოძიება დაიწყო #1TVSPORT
სამუელ ეტო’ოს ბრალად ედება ჩაწყობილი მატჩების ორგანიზება და კორუფცია - ფიფა-მ გამოძიება დაიწყო #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ეთიკის კომიტეტმა გამოძიება დაიწყო სამუელ ეტო’ოსთან მიმართებაში.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ადანაშაულებენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კორუფციაში, ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებასა და ადამიანების მიმართ ძალადობის მუქარაში.

საქმეში მოწმედ გადის კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნიალ კუან ჟუნიორი. მისი სიტყვებით, ეტო’ოს გავლენა ჰქონდა ადგილობრივი ჩემპიონატის ბევრ მატჩზე, აგრეთვე ემუქრებოდა ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკებს, მათ შორის თავად ჟუნიორს.

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ეტო’ომ ქვეყნის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის წინასწარი სცენარი დაწერა. ჟუნიორის თქმით, აღნიშნული შეხვედრა „ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში“. ირკვევა, რომ ეტო’ო შესვენებაზე მითითებებს აძლევდა მსაჯებს ტელეფონის მეშვეობით, რომელიც ხმამაღალ კავშირზე იყო ჩართული.

The Athletic-ს ხელში ჩაუვარდა ელექტრონული წერილები, WhatsApp-ის შეტყობინებები და აუდიოჩანაწერები, რომელიც ამტკიცებს „ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელის ბრალეულობას.

მაგალითად, კლუბ „ვიქტორია იუნაიტედის“ მფლობელთან საუბრისას ეტო’ო ჰპირდება მას, რომ გუნდი გადავა პირველ დივიზიონში. აუდიოჩანაწერში ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, რომ „არის გარკვეული რაღაცები“, რაც უნდა გაკეთდეს ზედა ლიგაში გადასასვლელად.

სეზონის შედეგების მიხედვით, „ვიქტორია იუნაიტედი“ კამერუნის უმაღლეს დივიზიონში მას შემდეგ გადავიდა, რაც მეორე ადგილზე გასულმა კლუბმა, „სტად დე ბერტუამ“ ქვეყნის ფედერაციისგან დისკვალიფიკაცია მიიღო.

ფიფა-მ და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყეს.