სამტრედიელების შეხვედრა რუსეთში - კვირკველიას „ლოკომოტივი“ საშემოდგომო ეტაპის ჩემპიონია
სამტრედიელების შეხვედრა რუსეთში - კვირკველიას „ლოკომოტივი“ საშემოდგომო ეტაპის ჩემპიონია

სანქტ-პეტერბურგის სტადიონ „პეტროვსკიზე“ რუსეთის პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. „ტოსნომ“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

„ლოკომოტივში“ შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა კვირკველიამ. „ტოსნოში“ კი 66-ე წუთზე წარმოშობით ქართველი გიორგი მელქაძე გამოჩნდა, რომელიც რუსეთის მოქალაქე, ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი და მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელია – ის „ტოსნოში“ იჯარით თამაშობს. მელქაძეც, კვირკველიას მსგავსად, სამტრედიაშია დაბადებული.

ამ მოგებით, 20 ტურის შემდეგ, „ლოკომოტივმა“ 45 ქულა დააგროვა, უშუალო კონკურენტს, სანქტ-პეტრებურგის „ზენიტს“ რვა ქულით გაასწრო და რუსეთის პრემიერლიგის ზამთრის ჩემპიონი გახდა.

კვირკველიას გუნდს ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი გააჩნია, რადგან საგაზაფხულო ეტაპზე მხოლოდ 10 ტურია გასამართი, რვაქულიანი უპირატესობის განიავება კი ძნელი წარმოსადგენია – 2012 წლიდან რუსულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ პირველი ეტაპის ჩემპიონმა ოქროს მედლები ვერ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კვირკველიამ 20-ვე შეხვედრა „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და ყველა – შეუცვლელად.